მწვანე მარშრუტები – დავიწყებული გზების გაცოცხლების ხელოვნება

გზებს ახსოვთ ის, რაც ჩვენ გვავიწყდება

მწვანე მარშრუტები ეკოლოგიური, არამოტორიზებული მარშრუტებია, რომლებიც ძველ და დავიწყებულ მარშრუტებს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს და მათ თანამედროვე კონტექსტში ახალ მნიშვნელობას ანიჭებს. ხავსით დაფარული რკინიგზა, უძველესი სავაჭრო გზები და წყნარი სოფლის ბილიკები ღირებულებებზე ორიენტირებულ დერეფნებად გარდაიქმნება, რომლებიც აკავშირებს ადამიანებს, კულტურებს, სოფლის თემებს და მიწის ცოცხალ რიტმს. მწვანე მარშრუტები ნელი მოგზაურობის ხელოვნებაა, რომელიც თითოეულ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, ფეხით, ცხენით ან ველოსიპედით იმოგზაუროს უძველესი მარშრუტებით და შეისწავლოს ბუნებისა და ისტორიის მიერ ჩამოყალიბებული სამყარო. ყოველი ნაბიჯი იქცევა შესაძლებლობად – მოსასმენად, სასწავლებლად და სამყაროს ახლებურად აღსაქმელად.

მწვანე მარშრუტების კონცეფცია ევროპაში მე-20 საუკუნის ბოლოს გაჩნდა, როგორც ურბანული ხმაურის, მანქანების ჭარბი გამოყენებისა და სწრაფი ტურიზმის ზრდის საპასუხო ინიციატივა. მას შემდეგ ის გლობალურ მოძრაობად იქცა. ესპანეთის მინდვრებიდან იაპონიის ტყეებამდე, მწვანე მარშრუტები დღეს მსოფლიო ქსელს ქმნის მკაფიო მისიით: ბუნების დაცვა, ადგილობრივი თემების მხარდაჭერა და მოგზაურობის უფრო გააზრებული გზების ხელშეწყობა.

ისტორიაში პირველად, საქართველო გლობალურ მწვანე მარშრუტების რუკაზე ჩნდება – თავისი მეხსიერებით, სტუმართმოყვარეობითა და ლეგენდარული მარშრუტებით, რომლებიც მზად არიან ახალი მოგზაურობის დასაწყებად.

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, როოგრც ევროპის მწვანე გზების ასოციაციის წარმომადგენელი მწვანე მარშრუტებს ავითარებს ლილის დეკლარაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც: მწვანე მარშრუტები არის დამოუკიდებელი საკომუნიკაციო მარშრუტები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ არამოტორიზებული მოგზაურობისთვის, შემუშავებულია ინტეგრირებული გზით და აუმჯობესებს როგორც გარემოს, ასევე მიმდებარე ტერიტორიის ცხოვრების ხარისხს. ეს მარშრუტები უნდა აკმაყოფილებდეს სიგანის, დახრილობისა და ზედაპირის მდგომარეობის შესაბამის სტანდარტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც მოხმარების სიმარტივე, ასევე უსაფრთხოება სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. ამ თვალსაზრისით, არხების გასწვრივ არსებული ბილიკები და მიტოვებული რკინიგზის ხაზები მწვანე მარშრუტების განვითარებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელ რესურსს წარმოადგენს. (ლილის დეკლარაცია, 2000 წლის 12 სექტემბერი).

 

ევროპის მწვანე ქსელის შესახებ მადრიდის დეკლარაციის (2010) პრინციპების შესაბამისად, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია (GEA) ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს მდგრად, არამოტორიზებულ მობილობას საქართველოში მწვანე მარშრუტების განვითარების გზით. GEA დეკლარაციის ხედვას – გარემოს დაცვის, ინკლუზიური ტურიზმისა და ადგილობრივი განვითარების დაკავშირებას – განიხილავს, როგორც ეკოტურიზმისა და მწვანე ინფრასტრუქტურის სფეროში საკუთარი მომავალი საქმიანობის სახელმძღვანელო ჩარჩოს.

მწვანე მარშრუტების შესახებ საქართველოშო

საქართველოს მწვანე მარშრუტები — ბილიკი წარსულიდან მომავალამდე

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო უძველესი ცივილიზაციისა და ღრმა ისტორიული მეხსიერების ქვეყანაა. შავი ზღვის მზით განათებული სანაპიროებიდან კავკასიონის თოვლში ჩამალულ მწვერვალებამდე გადაშლილი საქართველო მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც იწყება პრეისტორიული ხანიდან და ვიტარდება დრამატული კონტრასტებითა და მრავალფეროვნებით. ხეობებისა და კლდოვანი მთების, უსასრულო ველებისა და ალპური მინდვრების, უძველესი ტყეების ფონზე ჩამოყალიბდა მდიდარი ცივილიზაცია — გამოხატული კულტურულ მემკვიდრეობაში, ფოლკლორში და საგანძურებში, როგორიცაა თუნდაც მსოფლიოში უძველესი მეღვინეობის ტრადიცია. დღეს საქართველო არის ადგილი, სადაც ისტორია, ტრადიცია და თანამედროვე ცხოვრება ჰარმონიულად თანაარსებობენ.

ამ უწყვეტად ცვალებად ცოცხალ მოზაიკაში გზებს ყოველთვის განსაკუთრებული როლი ეკისრებოდათ. ათასწლეულების განმავლობაში საქართველო იყო მნიშვნელოვანი დერეფანი, რომელიც აკავშირებდა ცივილიზაციებს, ხალხებსა და კულტურებს. არც ლეგენდარული აბრეშუმის გზას ჩაუვლია გვერდით. ასეთ ისტორიულ გზაჯვარედინზე საქართველო ქმნიდა კულტურას, რომელიც ერთდროულად იყო უნიკალური და ამავე დროს მჭიდროდ დაკავშირებული მსოფლიოსთან. დიდ სავაჭრო გზებს მიღმა, საქართველო ყოველთვის იყო გაფარული ჩუმი, დამალული ბილიკების ქსელითაც. ეს ბილიკები აკავშირებდა მთებსა და ხეობებს, აერთიანებდა მრავალფეროვან რეგიონებსა და თემებს. ისინი გადიოდა ქედებზე, გზას უჩვენებდა მხედრებსა და მწყემსებს. იხვეოდა უძველეს ვენახებს შორის, საიდანაც მთელი ქვეყანა იღებდა თავის ყველაზე ძვირფას საგანძურს — ღვინოს. მიუყვებოდა სოფლის ვიწრო ქუჩებს, სადაც დაუპატიჟებელ მგზავრსაც კი შეიძლებოდა კარი გახსნოდა და მასპინძელს ეთქვა უკვდავი სიტყვები: „სტუმარი ღვთის საჩუქარია“.

სწორედ ამ მოკრძალებულ, ხშირად დავიწყებულ ბილიკებზე განვითარდა საუკუნეების განმავლობაში ნამდვილი საქართველო — კეთილგაწყობით გამორჩეული და მრავალფეროვნებით მდიდარი.

დღეს, გლობალურ მწვანე მარშრუტების ქსელთან გაერთიანებითა და ამ უძველესი ბილიკების გაცოცხლებით, საქართველო ხსნის ფანჯარას წარსულში სამოგზაუროდ— გვიჩვენებს კულისებს მიღმა სამყაროს, თუ როგორ იქმნებოდა მისი ცივილიზაცია.

საოჯახო სასტუმროები, მცირე ღვინის მარანები, ოჯახური სამზარეულოები და ხელოვანები თავიანთი ტრადიციული ხელსაქმით დღეს ამ მწვანე ბილიკების კვლადაკვალ ცხოვრობენ და ქმნიან შეხვედრისა და კავშირის ადგილებს — თაობებს შორის, მასპინძელსა და სტუმარს შორის.

ამგვარად, საქართველოს ადგილი გლობალური მწვანე მარშრუტების რუკაზე მხოლოდ წერტილების დაკავშირება კი არაა — ეს არის კარიბჭეების გახსნა სამყაროთა შორის: წარსულსა და მომავალს, ადგილობრივსა და გლობალურს, ბუნებასა და ადამიანის სულს შორის. ეს არის მოგზაურობა კულტურაში, მეხსიერებასა და მნიშვნელობაში — და გზა, რომლიც ქმნის მომავალს ახალი, მდგრადი ღირებულებებით.

დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ მწავნე მარშიტების ბროშურა