მწვანე მარშრუტები – დავიწყებული გზების გაცოცხლების ხელოვნება
გზებს ახსოვთ ის, რაც ჩვენ გვავიწყდება
მწვანე მარშრუტები ეკოლოგიური, არამოტორიზებული მარშრუტებია, რომლებიც ძველ და დავიწყებულ მარშრუტებს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს და მათ თანამედროვე კონტექსტში ახალ მნიშვნელობას ანიჭებს. ხავსით დაფარული რკინიგზა, უძველესი სავაჭრო გზები და წყნარი სოფლის ბილიკები ღირებულებებზე ორიენტირებულ დერეფნებად გარდაიქმნება, რომლებიც აკავშირებს ადამიანებს, კულტურებს, სოფლის თემებს და მიწის ცოცხალ რიტმს. მწვანე მარშრუტები ნელი მოგზაურობის ხელოვნებაა, რომელიც თითოეულ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, ფეხით, ცხენით ან ველოსიპედით იმოგზაუროს უძველესი მარშრუტებით და შეისწავლოს ბუნებისა და ისტორიის მიერ ჩამოყალიბებული სამყარო. ყოველი ნაბიჯი იქცევა შესაძლებლობად – მოსასმენად, სასწავლებლად და სამყაროს ახლებურად აღსაქმელად.
მწვანე მარშრუტების კონცეფცია ევროპაში მე-20 საუკუნის ბოლოს გაჩნდა, როგორც ურბანული ხმაურის, მანქანების ჭარბი გამოყენებისა და სწრაფი ტურიზმის ზრდის საპასუხო ინიციატივა. მას შემდეგ ის გლობალურ მოძრაობად იქცა. ესპანეთის მინდვრებიდან იაპონიის ტყეებამდე, მწვანე მარშრუტები დღეს მსოფლიო ქსელს ქმნის მკაფიო მისიით: ბუნების დაცვა, ადგილობრივი თემების მხარდაჭერა და მოგზაურობის უფრო გააზრებული გზების ხელშეწყობა.
ისტორიაში პირველად, საქართველო გლობალურ მწვანე მარშრუტების რუკაზე ჩნდება – თავისი მეხსიერებით, სტუმართმოყვარეობითა და ლეგენდარული მარშრუტებით, რომლებიც მზად არიან ახალი მოგზაურობის დასაწყებად.
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, როოგრც ევროპის მწვანე გზების ასოციაციის წარმომადგენელი მწვანე მარშრუტებს ავითარებს ლილის დეკლარაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც: მწვანე მარშრუტები არის დამოუკიდებელი საკომუნიკაციო მარშრუტები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ არამოტორიზებული მოგზაურობისთვის, შემუშავებულია ინტეგრირებული გზით და აუმჯობესებს როგორც გარემოს, ასევე მიმდებარე ტერიტორიის ცხოვრების ხარისხს. ეს მარშრუტები უნდა აკმაყოფილებდეს სიგანის, დახრილობისა და ზედაპირის მდგომარეობის შესაბამის სტანდარტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც მოხმარების სიმარტივე, ასევე უსაფრთხოება სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. ამ თვალსაზრისით, არხების გასწვრივ არსებული ბილიკები და მიტოვებული რკინიგზის ხაზები მწვანე მარშრუტების განვითარებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელ რესურსს წარმოადგენს. (ლილის დეკლარაცია, 2000 წლის 12 სექტემბერი).
ევროპის მწვანე ქსელის შესახებ მადრიდის დეკლარაციის (2010) პრინციპების შესაბამისად, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია (GEA) ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს მდგრად, არამოტორიზებულ მობილობას საქართველოში მწვანე მარშრუტების განვითარების გზით. GEA დეკლარაციის ხედვას – გარემოს დაცვის, ინკლუზიური ტურიზმისა და ადგილობრივი განვითარების დაკავშირებას – განიხილავს, როგორც ეკოტურიზმისა და მწვანე ინფრასტრუქტურის სფეროში საკუთარი მომავალი საქმიანობის სახელმძღვანელო ჩარჩოს.
