დროისა და მოსავლის გზაჯვარედინი
ახმეტა აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში მოქცეული ისტორიული კუთხეა. ალაზნის ველიდან კავკასიონის მწვერვალებამდე გადაჭიმული ტერიტორია ქვის ხანიდან მოყოლებული უწყვეტად არის დასახლებული. მდიდარი ბუნებრივი რესურსების, გეოპოლიტიკური მდებარეობისა თუ სავაჭრო-საქარავნო გზების გამო ის ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული კავკასიაში მიმდინარე მოვლენების რიტმში. საუკუნეების განმავლობაში ახმეტაში კახურ თემთან ერთად თავი მოიყარეს თუშებმა, ხევსურებმა, ფშავლებმა, ოსებმა, ქისტებმა, ჩეჩნებმა. ისინი შეესისხლხორცნენ ამ მიწებს და შექმნეს მრავალხმიანი, თუმცა შედუღაბებული ცივილიზაცია. ახმეტა დახუნძლულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. VIII-XI საუკუნეების კვეტერას ისტორიულ ციხე ქალაქი და XI საუკუნეში, ალაზნის ველზე აღმართული დიდებული ალავერდის მონასტერი რეგიონის სიმბოლოდ იქცა. აღსანიშნავია მდიდარ ნიადაგზე აღმოცენებული მეღვინეობის ხელოვნება და უნიკალური სამზარეულო, რომელიც აქ მცხოვრები თემების გემოებითა და რიტუალური დამზადების წესით გამოირჩევა. მრავალშრიანი ზეპირსიტყვიერი ტრადიცია და ეთნოგრაფიული საგანძური კი ნათლად ყვება ახმეტის ტურბულენტურისტორიას.
მწვანე მარშრუტი რეგიონის ბუნებრივ, კულტურულ და აგრარულ საგანძურს მიუყვება კვალდაკვალ. გზა ქალაქ ახმეტის გულში გაივლის, სადაც შესაძლებელია ერთად მცხოვრები თემების ყოველდღიურობის ნახვა. მარშრუტის ფარგლებში მოქცეული შუასაუკუნეების ტაძრები, გზად გადაშლილი ხედები ალაზნის ველზე და ტრადიციულ ვენახებზე, თუ სოფლების იდილია, საუკეთესოდ გადმოსცემს ახმეტის შინაარსს. მარშრუტში შემავალ სოფელ ქისტაურს უკავშირდება გამროჩეული ქალის - ბარბარე ჯორჯაძის სახელი. მის კალამს ეკუთვნის 1874 წელს გამოცემული პირველი ქართული კულინარიული წიგნი „სრული სამზარეულო.“ ის დღემდე რჩება სრულყოფილ სახელმძღვანელოდ, რომელშიც შემონახულია ახმეტური და ქართული სამზარეულოს მთელი საგანძური. მწავნე მარშრუტის გარშემო განლაგებული საოჯახო ღვინის მარნები კი საუკეთესო ახმეტური ღვინით აღებენ საქრათველოს ღრმა, მრავალფეროვან გულისკენ მიმავალ საიდუმლო გზას.
მარშრუტის აღწერა:
(ზემო ხოდაშენი – ჩაჩხრიალა)
- ტრანსპორტის საშუალება: ველოსიპედი
- მარშრუტის სიგრძე: 21 კმ
- საერთო აღმართი: 960 მ
- საერთო დაღმართი: 373 მ
- საშუალოდახრილობა: დასაწყისიდან დასრულებამდე - 0.03%
- მარშრუტის სირთულე: მარშრუტი მარტივი კატეგორიისაა.
მწვანე მარშრუტი ილტოს ხეობიდან, სოფელ ჩაჩხრიალას კალთებზე იწყება და ქალაქ ახმეტისკენ მიემართება. გაივლის ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს და მდინარე ორვილის პირას გამოდის. ხიდით გადაკვეთს მდინარეს და აგრძელებს გზას კახეთის ქედის ფერდობებზე. მცირე გადახვევის შემთხვევაში, შესაძლებელია ტყეში ჩაფლული X-XI საუკუნეების ახმეტის ლომისის წმ. გიორგის ტაძრის მონახულება. ოდნავ მოშორებით, შემაღლებულ ბორცვზე იშლება გვიანდელი შუასაუკუნეების კიდევ ერთი საგანძური - ახმეტის მთავარანგელოზთა ეკლესია. მარშრუტი მიუყვება გზას, რომელიც მნახველს უკიდეგანო სივრცეებით, კონტრასტული პეიზაჟებითა და ალაზნის ველის სიდიადით ატყვევებს. მარშრუტი ჯერ სოფელ საჩალეს გაივლის შემდეგ კი ქისტაურს უახლოვდება. გზიდან შორიახლოს, შემაღლებულ გორაზე დგას ადრე ფეოდალური ხანის მცირე ზომის, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ტაძარი. ეს ქისტაურის ღვთისმშობლის ეკლესიაა – „ყველაწმინდა. “ ტაძრის გაშლილი, მწვანე ეზო სავსეა ქვევრებითა და თიხის ჭურჭლით.
გზის მეორე მხარეს იშლება თავად სოფელი ქისტაური, რომლის ფესვები შუა პალეოლითის ხანას უკავშირდება. ქისტაური თავს იწონებს რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმითაც, რომელმაც სოფელი რეგიონში ხელოვნების ცენტრად აქცია. შემდეგი გაჩერება ახშანია – ტაძრებით სავსე სოფელი. გარშემო კი მოჩანს დახუნძლული ვენახები, ხეხილები, ველები და მოგზაურობა მთლიანად კახური ყურძნისა და ღვინის არომატში ეხვევა. მარშრუტი სრულდება ზემო ხოდაშენში, სადაც მნახველს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობა, ადგილობრივი ღვინის მარნები და კახური მასპინძლობა ეგებება.
*მათთვის, ვისაც გამოწვევები უყვარს, შეგიძლიათ აირჩიოთ რუკაზე წითლად მონიშნული მიმართულება, სადაც ციცაბო ფერდობები და ტყის ბილიკი გელოდებათ.
** ახმეტის მწვანე ბილიკის დაწყება ასევე შესაძლებელია სოფელ ზემო ხოდაშენის ფერდობებიდან.
