გასეირნება დროის ქედებზე

თიანეთი აღმოსავლეთ საქართველოს გამორჩეული კუთხეა. მისი სახელი პირველად წერილობით წყაროებში მე-4 საუკუნეში ტივტივდება და ქვეყნის გაქრისტიანების ამბავს უკავშირდება. ქედებსა და შტოქედებს შორის მოქცეული მიწა გარშემორტყმულია, ახმეტის, მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებით. ასეთი გეოგრაფიული მდებარეობა, მას ოდითგანვე ბუნებრივ ტრანზიტულ დერეფნად აქცევდა რეგიონში. ტყეების, სერების, ხეობებისა და შორეული ჰორიზონტების მხარე, ძვირფასი საბადოა ბიომრავაფეროვნებით, დიდი ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობით. თიანეთის მხარეს ამდიდრებს ზომიერი, ბარხატისებური კლიმატი და ინტერესის ბურუსში ახვევს უამარავი ხალხური თქმულება.

თიანეთის მწავნე მარშრუტი ერთ-ერთ ხალხურ გზაზეა აგებულია, რომელიც ძველ საურმე ბილიკს აცოცხლებს. თიანეთის მიწების 60 % შერეული, უნიკალური ტყეებით არის დაფარული; მარშრუტი ამ მრავალსახოვან კორომებს შორის მიიკვლევს გზას, და პირველ პირში ეცნობა რეგიონის ბიომრავაფეროვნებას. მარშრუტის მეორე ნაწილი კი ლეგენდარულ მხედრის გზას უერთდება. მაღალ სერზე გარდამავალი გზა, თქმულებების თანახმად მხედრების საყვარელი ბილიკი იყო. მას მხოლოდ პრაგმატული დანიშნულება არ ჰქონდა, და ციცაბო, ძნელად გასავლელ სერზე, ცხენოსნები თავის უბადლო ოსტატობას ამტკიცებდნენ. ისინი ერთგულ მეწყვილეებად, ქართულ მთის ცხენს ირჩევდნენ, მათი ამტანობის, გამბედაობისა და რთულ რელიეფზე ორიენტირების უბადლო ინტუიციის გამო. მხედრების ბილიკის სიმბოლოა თაღლაურა - სახალხო გმირი, რომელიც ქარივით დაქროდა კახეთიდან თიანეთის ბილიკებზე, როგორც სერების მფლობელი. მისმა საგმირო საქმეებმა და მრავალშრიანი ხასიათმა, სამუდამო ბინა დაიდო, ხალხურ თქმულებებსა და პოეზიაში.

თიანეთის მწვანე მარშრუტი მხოლოდ სასეირნო ბილიკი არაა, ის სულიერი მოგზაურობაა, რომელიც უძველესი ტყეების და თვალწარმტაცი ხედების ფონზე აცოცხლებს ხალხურ თქმულებებს, ხეობებს შორის ექოთი მოტანილ საგმირო ამბებს, ცხენების დგაფუნის ხმას და ახალ შთაგონებად იქცევა.

მარშრუტის აღწერა:

(სიონი – დევენაანთხევი)

  • ტრანსპორტის საშუალება: ფეხით, ცხენით
  • მარშრუტის სიგრძე: 9 კმ
  • საერთო აღმართი: 343 მ
  • საერთო დაღმართი: 368 მ
  • მარშრუტის სირთულე: მარშრუტი მარტივი კატეგორიისაა.

თიანეთის მწვანე მარშრუტი სიონის წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე იღებს გეზს. ბილიკი ტყიან ფერდობს მიუყვება და იქითკენ მიგვიძღვება, სადაც ოდესღაც ძველი საურმე ბილიკები გადადიოდა ქედებზე. გზა ნელ-ნელა კრეფს სიმაღლეს და წრიული მარშრუტით შერეული ტყეების ხელუხლებელ ეკოსისტემებში მიიკლაკნება. ტყის შუაგულში განთავსებულია პატარა ეკო-მუზეუმი — დასასვენებელი ჰამაკებით, ინფრასტრუქტურით, ბავშვების გასართობი სივრცითა და საინტერპრეტაციო დაფებით, რომლებიც ტყის საიდუმლოებებზე მოგითხრობთ. მწვანე ქოლგის ქვეშ მიმავალი სატყეო გზა თანდათანობით სერის თხემზე ექცევა. ამ წერტილიდან თვალწარმტაცი ხედები იშლება, როგორც სიონის წყალსაცავზე, ისე ერწოს ველსა და ქართლის ქედზე. ამ სერზე გარდამავალ გზას, ძველ დროს, მხედრების ბილიკსაც ეძახდნენ. მისი საშუალებით სერავდნენ მხედრები ქართლისა და ერწოს ქედებს. მარშრუტი ნელ-ნელა ერწოს ქვაბულში ჩაბუდებული სოფელი დევენაანთხევისკენ ეშვება. ამ პატარა სოფლის სახელი, წყაროებში ადრე ქრისტიანული ეპოქიდან იხსენიება. ბილიკი სოფლის გავლით გრძელდება, ჩაუვლის ადგილობრივ სახლებს, შარა გზებს. დევენაანთხევის ბოლოს კი სადაც თიანეთის მწვანე მარშრუტი დასასრულს უახლოვდება, გაშენებულია ცნობილი საბადურის საცხენოსნო რანჩო, რომლის კარი ღიაა ყველა სტუმრისათვის. საბადურის საცხენოსნო სივრცეში შესაძლებელია ძველ ქართულ საცხენოსნო ტრადიციებთან ზიარება, და რაც მთავარია, დაუვიწყარი საცხენოსნო გამოცდილების მიღება.


*თიანეთის მწვანე მარშრუტის დაწყება ასევე შესაძლებელია სოფელ დევენაანთხევის მიდამოებიდან.