გურული ზღაპარი
ლანჩხუთი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეშია მოქცეული, შავ ზღვასა და გურიის ქედს შორის. აქ, სადაც ოქროსფერი სანაპიროები, სუფსის მოქარგული ხეობები, კოლხეთის ეროვნული პარკი და მარადმწვანე ტყეები ერთიან ეკოსისტემად იშლება, ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში დასახლებულა. ბრინჯაოს ხანაში კი უკვე ქალაქური ცხოვრების კვალი იკითხება, რასაც შუხუთის ნაქალაქარი ადასტურებს. ლანჩხუთი თავისი ეგზოტიკური ბუნებით, უძველესი კულტურით და ეთნოგრაფიით, იქნება ეს ბორცვებზე შეფენილი ჩაის პლანტაციები და ხელით კრეფის საუკუნოვანი ტრადიცია, სურნელოვანი თაფლის დამზადება, თუ ხის მოქარგულ ოდებში, შუაცეცხლთან შექმნილი მრავალგემოიანი სამზარეულო, გურული
კრიმანჭულივით თვითმყოფადი და მრავალხმიანია. ამ მემკვიდრეობის გულში მიიკლაკნება ლანჩხუთის მწვანე მარშრუტი.
მარშრუტის ფარგლებში მოქცეულია სოფელი შუხუთი, რომელიც უძველესი რიტუალური თამაშის - ლელობურთის აკვანია. ლელობურთმა ქართულ რაგბს დაუდო საფუძველი. თუმცა სოფელ შუხუთში პირველყოფილი ფორმით შემორჩა. ის აღდგომის დღეს ითამაშება და ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი, თავგანწირული და ამოუცნობი თამაშია დღემდე. მარშრუტი გაივლის რამდენიმე გამორჩეულ ტაძარს, რომლებმაც უამრავ დროთა ვარამს გაუძლეს, მათი აგების ისტორია კი დღემდე ბურუსითაა მოცული.საბოლოოდ ყველაფერი სოფელ აცანასთან გაშლილ საქვიხიას კანიონის კლდოვან მიკრო სამყაროში იკარგება. შორიახლოს, წყალუხვი საქუხიას და ელინაბადოს ჩანჩქერები კი ახმაურებენ მთელს გარემოს — ბუნებისა და ადამიანური ყოფის თანაცხოვრების მტკიცებულებად.
ქვემო შუხუთიდან ზემო შუხუთამდე, ოდებსა და ეზოებს, ტაძრებსა და ჩანჩქერებს შორის გამავალი მარშრუტი აერთიანებს ტრადიციას, ბუნებასა და სოფლის ყოველდღიურობას. ეს მოგზაურობა, თითქოს ძველი ზღაპარია, რომელიც გურიის ხმაურიან ისტორიასა და ბუნებას შორის იკვრება.
მარშრუტის აღწერა:
- ტრანსპორტის საშუალება: ველოსიპედი
- მარშრუტის სიგრძე: 28 კმ
- საერთო აღმართი: 783 მ
- საერთო დაღმართი: 792 მ
- მარშრუტის სირთულე: მარშრუტი მარტივი კატეგორიისაა.
მწვანე მარშრუტი სოფელ ქვემო შუხუთიდან იწყება და მიუყვება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ისტორიული სოფლების შუკებს, ეზოებსა და ოდებს, სადაც დაცულია გურული ყოფის ხასიათი. ქვემო შუხუთში დგას ლელო ბურთის მემორიალი — უძველესი ტრადიციული თამაშისა, რომელმაც ქართულ რაგბს დაუდო საფუძველი. შუხუთიდან მარშრუტი ზემო აკეთისკენ მიემართება, გადის სიმინდის ყანებს, თხილის ბაღებს, შერეულ ტყეებს, სადაც ევკალიპტის სურნელი
დაგამახსოვრებთ ამ მხარეს. ზემო აკეთში შემონახულია სოფლის სიამაყე XIX საუკუნის აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია და აკეთის მაცხოვრის სახელობის ტაძარი. მალევე თვალსაწიერში მდინარე სუფსა შემოდის, რომელიც გარემოს სრულიად უნიკალურ სანახაობას ანიჭებს. მარშრუტი მდინარეს გადაკვეთს “აკეთი-ნაგომრის” ხიდით, რომელიც ზოგჯერ ხალხით ივსება, სუფსის ნაპირებზე გამართული გურული დოღების დროს. გზა ერთ მონაკვეთში “საჯავახო-ჩოხატუარი - ოზურგეთი - ქობულეთის” მაგისტრალს უერთდება, საიდანაც იშლება ხედები მდინარე სუფსის მიხვეულ-მოხვეულ, სივრცით არეალზე. მწვანე მარშრუტიი სოფელ-სოფელ გრძელდება, მიიკლაკნება ძიმითისა და მამათის სოფლებში, გადის მამათის წმ. გიორგის ეკლესიასთან. ნელ-ნელა დასახლებული პუნქტებიდან გზა ისევ გურულ სიმწვანეში შედის, შემაღლებულ სერზე, სადაც ჩამალულია უნიკალური საქუხიას კანიონი. მარშრუტი სოფელი ტელმანის გავლით მიადგება სოფელ აცანას, ოქონის მთაზე აღმართული ისტორიული ოქონის მონასტრითა და შორიახლოს ხმაურიანი ელინაბადოს ჩანჩქერით. ბოლოს გზა ისევ ტყიან საფარში იკარგება და ახლა უკვე სოფელ ზემო შუხუთში სრულდება.
*ლანჩხუთის მწვანე მარშრუტის დაწყება ასევე შესაძლებელია სოფელ ზემო შუხუთიდან
